სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში დღეიდან პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში 20 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას შეისწავლის. კურსი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.
კულინარიის კურსს პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“, აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. სწავლებას ცნობილი მზარეული მანუელი გაუძღვება. პროგრამის სრულყოფილად ჩატარების მიზნით, ასევე, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით,  N16  პენიტენციური  დაწესებულებისთვის სპეციალური სამზარეულო ინვენტარი და ტექნიკა იქნა შეძენილი.
პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და დაესწრნენ.
მსჯავრდებულების პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანი მათი რესოციალიზაცია- რეაბილიტაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენციაა. კულინარიის ხელოვნების თუ სხვა კონკრეტული პროფესიის დაუფლება მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდეგ დასაქმებაში შეუწყობს ხელს, რაც მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სასჯელაღსრულების უწყების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სასჯელაღსრულების სამინისტრო ერთის მხრივ, უზრუნველყოფს სასჯელის ღირსეულ პირობებში მოხდას, მეორეს მხრივ კი, ზრუნავს მსჯავრდებულის საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნებაზე. ამ მიზნის განსახორციელებლად სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთ პროგრამას ახორციელებს და თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებებთან, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
პროფესიული მომზადების პროგრამა სასჯელაღსრულების სამინისტროს მე-16 დაბალი რისკის დაწესებულებაში